English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ გედევან ხელაია
პროფესორი გიორგი პაპავა – ჩემი უახლოესი მეგობარი

2018 წლის 3 იანვარს დაბადებიდან 95 წელი შეუსრულდებოდა გამოჩენილ ქართველ მეცნიერ-ეკონომისტს და ამაგდარ პედაგოგს, პროფესორ გიორგი პაპავას. ადამიანის უნიკალურობისა და შეუცვლელობის გაგება მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც კარგავ ახლობლებს: ნათესავებს თუ მეგობრებს. ადამიანის მეხსიერებას უჭირს ძვირფასთან სამუდამოდ განშორების რეალობის აღქმა. სწორედ ამ დასკვნამდე მივდივარ ყოველთვის, როდესაც ვიგონებ ჩემ უფროს მეგობარსა და კოლეგას, ბრწყინვალე მეცნერ-მკვლევარს, პედაგოგს, ჰუამანისტს, პატრიოტს, უბრალოდ სიკეთის მთესველ კაცს − ბატონ გიორგი პაპავას. მქონდა პატივი წლების მანძილზე ახლო ურთიერთობაში ვყოფილიყავი მასთან, როგორც სტუდენტი, მეგობარი და კოლეგა და სრულად დამენახა მისი პიროვნება. ჩვენი ურთიერთობის მთელ მანძილზე ღრმად დავრწმუნდი, რომ ბატონი გიორგი პაპავა იმ იშვიათი ადამიანთაგანი იყო, რომელსაც ბუნებამ უხვად მიამადლა ისეთი მაღალი ზნეობრივი ნიჭი, რომელსაც მოკლებულია ადამიანების უმრავლესობა. იგი, მართლაც თავისებურად შეუცვლელი და განუმეორებელი პიროვნება იყო. მრავალი ჭირ-ვარამგამოვლილი და ცხოვრებისეული დიდი გამოცდილებით მდიდარი ადამიანი, მასზე მე, 5 წლით უფროსს, მაშინ ჯერ ისევ ახალბედას, გამორჩეული პატივისცემით მეპყრობოდა. ინტონაციითაც კი არასოდეს უგრძნობებია თავისი უპირატესობა. გულწრფელად ვიტყვი, ეს არამარტო მსიამოვნებდა, თვითშეფასების ზრდისთვისაც მაძლევდა მოტივაციას. მართალია, მაშინ ამდენი არც გამოცდილება მქონდა და მით უფრო, არც ფსიქოლოგიისა გამეგებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემთან, როგორც ადამიანთან და სტუდენტ-კოლეგასთან, ნამდვილი გულითადობა აკავშირებდა. ბატონ გიორგის ამშვენებდა ჭეშმარიტი ინტელიგენტური ეთიკა, გულისხმიერება და თავმდაბლობა. არასოდეს უთხოვია მიწიერი პატივი და დიდება. არასოდეს უცხოვრია შემთხვევითობის, ბედ-იღბლისა თუ ფორტუნის იმედზე. იგი გამუდმებით შრომობდა იმისათვის, რომ თავისი შეგნებული ცხოვრება ქართული ეკონომიკური მეცნიერებისა და მომავალი თაობის სწავლა-აღზრდის საქმეს მოხმარებოდა. მის მიერ,მეტად რთულ გზაზე განვლილი დრამატული ამბებით აღსავსე ცხოვრების მიუხედავად, ბატონი გიორგი სულით არ დაცემულა, არც გაბოროტებულა, პირიქით, დიდი ნებისყოფით, გამოცდილებითა და მუყაითი შრომით მაგალითადაც კი იქცა ბევრისათვის. მისი გარდაცვალებიდან განვლილმა დრომ კიდევ უფრო ღრმად ჩაგვახედა მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში. მისი ყველა ნაშრომი გაჯერებულია ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერული კვლევებით, ეკონომიკური ვითარებისა და მოვლენების მეცნიერული გააზრებით, შეფასებითა და კრიტიკული ანალიზით, ახალი დებულებებით, ორიგინალური საკითხების დასმით, დასაბუთებული არგუმენტებით, დასკვნებითა და რეკომენდაციებით, აგრეთვე პრაქტიკაში არაერთი გამოგონებისა და ინოვაციის დანერგვით. ბატონმა გიორგიმ წარმატებით შეძლო, ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკის ერთიანობას დაფუძნებლი ცოდნა გადაეცა ახალგაზრდა მეცნიერ-ეკონომისტთა არაერთი თაობისათვის. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოსთვის, უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში, პრაქტიკასთან მეცნიერების უშუალო კავშირის თვალსაზრისით, იმდენი არავის გაუკეთებია, რამდენიც ბატონმა გიორგიმ, როგორც პროფესიონალმა მეცნიერ-მკვლევარმა და გამოცდილმა პრაქტიკოსმა. სამი ადამიანი: ვლადიმერი, გიორგი და ვალდიმერ პაპავები – დიდი ქართული ოჯახის ეს დიდებული სამეული მთელი საუკუნეა ეკონომიკური მეცნიერების სამსახურშია: ბაბუა – დოცენტი; შვილი – პროფესორი; შვილიშვილი – აკადემიკოსი. შეიძლება ითქვას, რომ ამის მსგავსი, მართლაც ბევრი არაა ამქვეყანაზე. ამგვარი ოჯახური მემკვიდრეობითი თანმიმდევრულობა იმითაცაა საინტერესო, რომ ნათლად ჩანს შვილის აღზრდაში რაოდენ გადამწყვეტია მამის როლი, მისი მაგალითი, პოზიცია და სახე, აგრეთვე ჩამოყალიბებული მიზნების წარმატებით განხორციელება და ა.შ. თავს ბედნიერად ვთვლი, რომ ჩემი შეგნებული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მეგობრულ და კოლეგიალურ ვითარებაში გავატარე ამ ნათელი გონებისა და ზნეობრივად სპეტაკ პიროვნებასთან, როგორიც იყო ბატონი გიორგი. მასთან შეხვედრებმა გარკვეული ცვლილებაც კი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. არასოდეს დამავიწყდება მისი გულითადი დახმარება, რაც საიდისერტაციო ნაშრომის შესრულებისას საკრედიტო ურთიერთობაში მათემატიკური მეთოდების გამოყენებით გამოიხატა. მის მიერ მოცემულმა მითითებებმა და რეკომენდაციებმა მათემატიკური მოდელები და ფორმულები უფრო დინამიკური და ეფექტიანი გახადა. რა თქმა უნდა, მხიბლავდა ურთიერთობის მისეული უბრალოება, გახსნილობა, ძალადაუტანლობა. მეტად საინტერესო მოსაუბრე იყო. ის არასოდეს მეორდებოდა პირადი ხასიათის საუბრებსა და სხვა შეხვედრებში. იგი მახვილგონივრი, გალანტური, ნათელი და დაუღალავი მოსაუბრე იყო − თავშესაქცევი მხიარულებითა და ზოგჯერ მეტად სერიოზული ისტორიების ამოუწურავი მარაგით. იცოდა რთული აზრების მარტივად, გასაგები ენით გადმოცემა. თავის აზრს მუდამ სრული სიზუსტით გამოხატავდა. ბატონო გიორგი არასდროს არ ცდილა არაკეთილმოსურნეებთან პაექრობაში ჩაბმულიყო და ებრძოლა მათ წინააღმდეგ, მაგრამ ვერ ეგუებოდა უმადურობას, შურიანობასა და ქედმაღლობას. ის კი არა, თუ ვინმე მასთან ხვა პიროვნების ლანძღვას დაიწყებდა, მაშინვე შემპარავი ირონიული ღიმილით, მოსწრებულ ფრაზას იტყოდა და საუბრის სხვა თემაზე გადსვლას უმტკივნეულოდ ადვილად ახერხებდა. ახლა რამდენიმე სიტყვა იმის შესახებაც, თუ როგორი სერიოზულობითა და ყურადღებით ეპყრობოდა ბატონი გიორგი ქართული სუფრის ცერემონიას. ჩემი დისერტაციის დაცვასთან დაკავშირებით, მოსკოვიდან ჩამოვიდნენ ოფიციალური ოპონენტები, ცნობილი მეცნიერები – ივანე ზლობინი და ლევ კოლიჩევი. დისერტაციის დაცვის მეორე დღეს, ისინი დავპატიჟე რესტორანში ვიწრო წრეში, მეგობრულ სადილზე. ჩემთან ერთად იყვნენ გიორგი პაპავა და ბატონი გიორგი ადეიშვილი. სუფრის თამადობა გიორგი პაპავას ვთხოვე. მართლაც, იმ დღეს, ბატონი გიორგი მეტად არაორდინარული თამადა იყო. თითეული მისი სადღეგრძელო იყო ღრმად გააზრებული, აღსავსე ყოველმხრივი შემეცნებით, რითაც ის ბრწყინვალედ, დინჯად ოპერირებდა და თავის სიტყვას ურთავდა სახალისო ისტორიულ ექსკურსებსა და ფილოსოფიურ განზოგადებებს, თანაც შესაშური გამართული რუსულით მეტყველებდა, სუფრის თითოეული წევრისათვის მოეძებნებოდა განსაკუთრებულად შერჩეული სიტყვები და უზუსტესი დახასიათება. მანცვიფრებდა თავისი პასუხისმგებლობის გრძნობით და სტუმრების ვიზიტის დეტალების განხილვისას გამოვლენილი ინტერესიანობით. სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული, რომ საკუთარი რესპუბლიკა საუკეთესო რაკურსით წარმოეჩინა, რომ საქართველოში ნანახი თუ განცდილი, სტუმრებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებად წაყოლოდა. აქ დომინირებდა არა იმდენად პიროვნული მისწრაფება, რომ საპატიო სტუმრებთან არ შერცხვენილიყო (თუმცა, არც ეს იყო მისთვის მეორეხარისხოვანი), რამდენადაც ზრუნვა – საქართველო როგორმე წარმოეჩინა სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-კულტურული ზრდის პერსპექტივების ქვეყნად. როგორც ყოველთვის, იმ დღესაც, თავისი გამომგონებლობითა და ლაღი იუმორის გრძნობით, ისე გვახალისებდა, რომ ჩვენი რუსი სტუმრები აღფრთოვანებას ვეღარ მალავდნენ და გულიანად მხიარულობდნენ. ბოლოს, ივანე ზლობინმა თამადა შეაქო და უთხრა: „თქვენი ყოველი სადღეგრძელო ფირზეა ჩასაწერიო, სუფრის  გაძღოლის ხელოვნებას კარგად ფლობთო“. მაშინვე, ბატონმა ლევ კოლიჩევმა დაამატა: „ღვინის მცირე დოზით სმის უნარსაც კარგად ფლობსო“, რაც ძალზე მოსაწონიაო. ამ სჯა-ბაასში ისე შემოგვაღამდა, ვერც კი გავიგეთ. ამ წუთებში ჩემ თავს თუ კითხვას დავუსვამდი, რას ვისურვებდი – ბატონი გიორგი პაპავას მსგავსი ადამიანები არასოდეს მოშლოდეს სრულიად საქართველოს.

პროფესორი გედევან ხელაია

4.12.2017 წ.